„როდესაც  ერთი სამინისტროს ხელშია  ჯანდაცვაც, სოციალური დაცვაც, დასაქმებაც, შრომის პოლიტიკის აღსრულებაც და დევნილთა საკითხებიც, არ არის მასშტაბი, რომელსაც შეიძლება ერთი უწყება გაუმკლავდეს, რაც არ უნდა ბეჯითად შრომობდეს მინისტრი და  მის დაქვემდებარებაში მყოფი პირები. ამიტომ თქვენ როგორ ხედავთ, პრაქტიკული პერსპექტივიდან და გამოცდილებიდან რომელიც გაქვთ, ლოგიკური და ადეკვატურია ამდენი სფეროს ერთი სამინისტროს  ქვეშ მოქცევა? - მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის ფორმატში“ გამოსვლის შემდეგ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით,  ყველაფერი საბოლოო ჯამში დამოკიდებულია რესურსებზე.


„რა არის მოცემულობა, რომელიც დღეს არის დარგში და სად გვინდა ვიყოთ ორ, ხუთ და ათ  წელიწადში, როგორც სახელმწიფო და ამ ნიშნულების მიღწევა რა ეკონომიკურ შედეგებთან არის დაკავშირებული. ასე შეიქმნება კარგი გაგებით წნეხი ეკონომიკურ სფეროზე, რომ რეალურად იყოს ქვეყანაში ზრდა იმისთვის, რომ  ექთნის საათობრივი ანაზღაურება არ იყოს 4 ლარი, ხოლო 7 ლარი - ექიმის.  ის, რომ მუდმივად ზრდაა, ეს  არ არის ადეკვატური დამოკიდებულება საკითხისადმი. რა იქნებოდა ღირსეული ანაზღაურება, ჩვენი მისწრაფება რა არის და რა ტემპით უნდა გაიზარდოს ეკონომიკა, რომ ეს ღირსეული ანაზღაურება დროულად გაიცეს ადამიანებზე და პაციენტებს თითოეული სერვისი დროულად მიეწოდებოდეს?  ზრდა არ ნიშნავს, რომ ან ექიმს ეძლევა ის, რასაც იმსახურებს ან პაციენტი იღებს იმ ხარისხის ჯანდაცვას, რაც მისი უფლებაა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.