„ძალიან გამიკვირდა, რომ დღეს ხელისუფლების არცერთმა წარმომადგენელმა არ აღნიშნეთ ისტორიული გამარჯვება, რომელიც საქართველომ მორიგ ჯერზე მოიპოვა სტრასბურგის სასამართლოში 28 აპრილს, როდესაც ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ ცნო და ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს აგვისტოს ომში და რუსეთს დააკისრა კომპენსაციის გადახდა“, - მიმართა ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.
„ამაზე უნდა საუბრობდეთ ძალიან ღიად, რუსეთზე კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ, ყველას, ვისაც გაუხარდა, მინდა, მივულოცო და მადლობა ვუთხრა ადამიანებს განურჩევლად იმისა, ვინ, სად, როდის მუშაობდა და განსაკუთრებით საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ამ საქმეზე ძალიან ბევრი იმუშავეს. მიკვირს, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს აღნიშვნის ღირსი არ გახდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში, სირცხვილია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მან რეზოლუციაზეც ისაუბრა და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა.
„რაც შეეხება რეზოლუციას, რეზოლუციამ აღიარა რუსეთის მხრიდან გენოციდის ჩადენის ფაქტი უკრაინაში და გენოციდის ერთ-ერთი სასტიკი ფორმა - ბავშვების გატაცების და ძალით გადაყვანის სახით. შეიძლება ვინმემ დაიჯეროს ან არა, რომ მხოლოდ ბილეთების პრობლემა იყო, მაგრამ რიტორიკულად ვსვამ კითხვას, კარგი, ვთაქვათ იქ ვერ დაესწარით ამ სესიას, რომ მხარი დაგეჭირათ ამ რეზოლუციისთვის, რა გიშლით ხელს, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღოს იმავე შინაარსის რეზოლუცია?“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.