ოპოზიციურ ლანდშაფტს თუ გადავხედავთ, მივიღებთ ძალიან მკაფიო სურათს იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ ოპოზიციაში არანაირი ერთობის არც შანსი არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ დიდი გაერთიანების შექმნის წინაპირობები არ ჩანს და ოპოზიციური გაერთიანების შექმნას მომავალ წელს დაუბრუნდებიან.
"ოპოზიციურ ლანდშაფტს თუ გადავხედავთ, მივიღებთ ძალიან მკაფიო სურათს იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ ოპოზიციაში და ამ სპექტრში არანაირი ერთობის არც შანსი არსებობს, ხოლო პირები, ვინც ოპოზიციას წარმოადგენენ, ზოგიერთი ერთმანეთთან იმდენად არის დაპირისპირებული, ხედავთ, რა ვითარებაა. მეორეს მხრივ, ეს ადამიანები საზოგადოების თვალში არანაირად არ სარგებლობენ იოტისოდენა ნდობითაც კი, რომლითაც შანსი ექნებოდათ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ და რაიმე გარდატეხა შეიტანონ ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება უნდა ჩავთვალოთ აღიარებად იმისა, რომ ოპოზიციას არ აქვს შანსი და მათი ქმედებები არის პირწმინდა მარცხისა და კრახისთვის განწირული“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.