ნიკა გვარამიას პარტია თუ ხმებს მიიღებს, ე.ი. „ნაციონალური მოძრაობის“ დისტანცირება გამოუვა, თუ არადა – არა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სინანული კარგია, როცა რაღაც გაქვს დაშავებული და გულწრფელად გაანალიზებ, თუმცა, მისივე თქმით, ნიკა გვარამიასგან ამ სინანულს ვერ ხედავს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრი რაღაც რომ არ მოგვწონდა, იმიტომაც არის 12-წლიან ოპოზიციურ პოზიციაზე. ნიკა გვარამიას პარტია თუ ხმებს მიიღებს, ე.ი. დისტანცირება გამოუვა, თუ არადა – არა. სინანული კარგია, როცა რაღაც გაქვს დაშავებული და გულწრფელად გაანალიზებ. მით უმეტეს, აქ საუბარი პოლიტიკურ შეცდომაზე კი არ არის, ძალიან არაადამიანურ რაღაცებზეა – ხალხისთვის თავ-პირის გატეხვაზე, წამებაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე. თუ ხვდები, რომ ეს გაქვს გაკეთებული, სინანულიც უნდა იგრძნობოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პოლიტიკურ შეცდომად მიგაჩნია და არ განიცდი. დანაშაულია წამება და არაადამიანური მოპყრობა. ცალყბად არ უნდა ამბობდე, ვნანობ და „ნიჩურტი“ არ უნდა გქონდეს, რომ ერთი სული გქონდეს, იგივე გაიმეორო. როცა გულწრფელი სინანულია, ჩვენ მიმტევებელი ერი ვართ. ამ სინანულს ჯერ ვერ ვხედავ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.