მოკავშირეობა თუ უნდათ, ჯერ ჩამოყალიბდნენ. დილით გვლანძღავენ, შუადღისას ხელს გვიწვდიან და საღამოს ისევ გლანძღავენ, ასეთი ამბავი არ გამოდის, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტთან დაკავშირებით, სადაც სააკაშვილი მის წინააღმდეგ კამპანიაში პალიკო კუბლაშვილსა და ნიკა გილაურს ადანაშაულებს.

მისივე თქმით, ოპოზიციის კრიტიკაზე „ლელო – ძლიერ საქართველოს“ მორატორიუმი აქვს გამოცხადებული და შიდა დაპირისპირებით არ ინტერესდებიან.

„ძალიან დიდი ხანია, ოპოზიციის კრიტიკაზე მორატორიუმი გვაქვს გამოცხადებული. მთელი ქვეყანა ხედავდა, რომ, კოალიციის გაშმაგებული ლანძღვის მიუხედავად, ჩვენ შესაბამისი ხურდა არავისთვის დაგვიბრუნებია. არა იმიტომ, რომ არ შეგვიძლია, ლანძღვას ლანძღვით ვუპასუხოთ, უბრალოდ არ გვინდა, საერთო მტერი – გარუსებული ხელისუფლება ვასეიროთ.

რაც შეეხება სააკაშვილთან გაერთიანებას – არა. ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ, ჩვენ ვართ თანმიმდევრული, მიზანდასახული პოლიტიკური კოალიცია, ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია ოპოზიციაში. მოკავშირეობა თუ უნდათ, ჯერ ჩამოყალიბდნენ. დილით გვლანძღავენ, შუადღისას ხელს გვიწვდიან და საღამოს ისევ გლანძღავენ, ასეთი ამბავი არ გამოდის.

ჩვენ ამ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს ვხედავთ, გვწამს ჩვენი კოალიციისა და ჩვენი წევრების ბრძოლის.  ნაკლებად მაინტერესებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ და მოქმედ წევრებს ან ლიდერებს შორის დაპირისპირება. არ გვაინტერესებს. კი ბატონო, წავიკითხეთ, გავეცანით, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა და სტრატეგია გვაქვს. გვინდა, ეს გარუსებული ხელისუფლება დავამარცხოთ და მართლა გამოვგლიჯოთ ამათ ხელისუფლება. დანარჩენი, ამ კინკლაობაში, დაპირისპირებაში არ ვერევით, მათი შიდა საქმეა. ნაკლებად მნიშვნელოვანია, რას იტყვის დღეს სააკაშვილი და გვარამია რას უპასუხებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.