ხაზარაძეზეც და გახარიაზეც საშინელებები მითქვამს, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გვაერთიანებს. მათთანაც, "გირჩთანაც" და ანა დოლიძესთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემი აზრით, სხვა პარტიები, გაერთიანებაზე ჯერ კიდევ ფიქრობენ. მათგან „არა“ არ მომისმენია. ჩემი გაწვდილი ხელი ჯერ კიდევ გაწვდილ ხელად რჩება, მაგრამ საკითხს ძალიან სერიოზულად უნდა შევხედოთ. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. დღეს თუ სწორად არ გავიაზრეთ წარსული და არ დავგეგმეთ მომავალი, არაფერი არ გამოვა. სინამდვილეში, ჩვენ ყველა სიღარიბემ გაგვტანჯა ძალიან. ინვესტიცია უცხოეთიდან უნდა შემოვიდეს, მაგრამ არ შემოდის, რადგან უსაფრთხო ქვეყანა არ გვაქვს. მშვიდობა არ გვაქვს, სასამართლო არ გვაქვს, გაუგებარ პოზიციაში ვართ, რუსის ტანკი აქვე დგას... „ქართული ოცნება“ თუ არ შევცვალეთ, ევროკავშირში ვერ შევალთ და თუ ეს არ მოხდება, ქვეყანა სიღარიბეს ვერ დაძლევს. ოცნებას ოპოზიციის გაერთიანების ცეცხლივით ეშინია. ბუნებრივია, ეს რთული ამბავია, ოპოზიციური პარტიების განსხვავებული წარსულის გამო, მაგრამ გაერთიანების კომპრომისის გარეშე, არაფერი არ გამოვა. ხაზარაძეზეც და გახარიაზეც საშინელებები მითქვამს, მაგრამ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა გვაერთიანებს. მათთანაც, "გირჩთანაც" და ანა დოლიძესთანაც მოლაპარაკებები გვაქვს. ზუსტად მახსოვს რაც ვთქვი ნებისმიერ ადამიანსა და პოლიტიკოსზე, დიდად აზრი არც შემიცვლია, მაგრამ ქვეყანა ჩვენგან სხვა პასუხისმგებლობას მოითხოვს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.