მსოფლიოში კრიმინალურ ორგანიზაციად აღიარებული "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლები ბელარუსში ჯერ არ გადასულან. ეს ინფორმაცია 28 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

"ვაგნერელები" დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან, სადაც იყვნენ, ლუგანსკის რეგიონში," - განაცხადა მან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, "ვაგნერი" ბელარუსის მხრიდან უკრაინას საფრთხეს არ შეუქმნის. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა 20 000-ზე მეტი "ვაგნერელი" გაანადგურეს.

"მოსკოვამდე მისული "ვაგნერელების" რიცხვი, ვერ შეედრება იმ რაოდენობას, რაც ჩვენთან იყო. ამიტომ ვერ ვიტყვი, რამდენად შეძლებენ ისინი ბელარუსის ტერიტორიიდან ვინმეს დაემუქრონ, ეს კონტიგენტი არ იქნება ძალიან დიდი," - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები და დაზვერვა უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას ავრცელებენ. მისი თქმით, უკრაინაში ის არ იმუშავებს, რაც რუსეთში მოხდა.

"ჩვენ გვყავს ძლიერი და თანამედროვე არმია, არამხოლოდ სიტყვებით." - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.