უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, Telegram-ზე, რუსი დამპყრობლების მიერ მოკლული უიარაღო უკრაინელი ჯარისკაცის ხსოვნის პატივის მისაგებად პოსტი გამოაქვეყნა.
"დიდება გმირს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინას!" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.
6 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ დატყვევებული უკრაინელი სამხედრო ამბობს: "დიდება უკრაინას." შემდეგ კი მას რუსები ცეცხლს უხსნიან და კლავენ.
სად და როდის გადაიღეს ვიდეო, ჯერჯერობით უცნობია.
ამის შემდეგ უკრაინელებმა, დაღუპული გმირისთვის პატივის მისაგებად სოციალურ ქსელებში მასიურად დაიწყეს ამ ფრაზების გამოქვეყნება: "დიდება უკრაინას!" და "დიდება გმირებს!"
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრიი ერმაკმა უკრაინელი დამცველის სიკვდილით დასჯის კადრების კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების ეს და სხვა სამხედრო დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება.
უკრაინის ომბუდსმენმა დიმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯა ჟენევის კონვენციების დარღვევაა. მან ეს ვიდეო საერთაშორისო პარტნიორებს და სხვა ომბუდსმენებს გაუგზავნა მთელ მსოფლიოში.