უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი პირველი თანაშემწე სერგეი შეფირი და რამდენიმე სხვა მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამისი განკარგულებები პრეზიდენტის ვებგვერდზე 30 მარტს გამოქვეყნდა.
შეფირი პრეზიდენტის პირველი თანაშემწის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებდა. უკრაინული მედია მას ზელენსკის ერთ-ერთ უახლოეს თანამოაზრეს, მეგობარს და ყოფილ ბიზნესპარტნიორს უწოდებს. ზელენსკისთან ერთად შეფირი თამაშობდა KVN გუნდში "Zaporozhye-Krivoy Rog-Transit" და მონაწილეობა მიიღო სტუდია Kvartal 95-ის შექმნაში. Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ომის დაწყებამდე, 2022 წლის თებერვალში შეფირი მსხვილ ბიზნესებთან კომუნიკაციაზე იყო პასუხისმგებელი.
გარდა ამისა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს პრეზიდენტის სამი შტატგარეშე მრჩეველი: მიხაილ რადუცკი, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო. თანამდებობიდან გაათავისუფლეს ასევე შტატგარეშე მოხალისეთა საქმიანობის კომისრები ნატალია პუშკარევა და ალენა ვერბიცკაია. მიზეზები არ სახელდება.
ერთი დღით ადრე, ზელენსკიმ თანამდებობიდან პრეზიდენტის ოფისის უფროსის მოადგილე ანდრეი სმირნოვი და ალექსეი დნეპროვი გაათავისუფლა. მარტის დასაწყისში კი, პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მდივანი ალექსეი დანილოვი.