უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. განცხადება ამის შესახებ საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა გააკეთა.
"უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება", - დაწერა დანილოვმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობისა და ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსებმა კახოვკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.