უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპთან კომუნიკაციისას განიხილა უკრაინის NATO-ში გაწევრიანების აუცილებლობა და ახსენა კიევის უარი ბირთვულ იარაღზე, - ამის შესახებ, "უკრაინსკაია პრავდას" ცნობით, ზელენსკიმ ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს ევროპის საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მან წარადგინა "გამარჯვების გეგმა".
პრეზიდენტმა გაიხსენა ბუდაპეშტის მემორანდუმი, როგორც არაეფექტური შეთანხმება, ვერ დაიცვა რა უკრაინა, რომელმაც უარი თქვა ბირთვულ იარაღზე.
"ამ დიდი ქვეყნებიდან, ბირთვული სახელმწიფოებიდან რომელი დაზარალდა? ყველა? არა! ერთი - უკრაინა! ვინ დათმო ბირთვული იარაღი? ყველამ? ერთმა - უკრაინამ. ვინ იბრძვის დღეს? უკრაინა! დონალდ ტრამპთან საუბრისას მე ვთქვი: ან უკრაინას ბირთვული იარაღი ექნება და ეს ჩვენთვის დაცვა იქნება, ან რაიმე სახის ალიანსი უნდა გვქონდეს. NATO-ს გარდა ჩვენ სხვა ეფექტური ალიანსები არ ვიცით", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბრიუსელში.
მან დასძინა, რომ NATO-ს ქვეყნები დღეს არ არიან ომში, რის გამოც უკრაინა ირჩევს NATO-ს და არა ბირთვულ იარაღს.
"მე მჯერა, რომ დონალდ ტრამპმა მომისმინა - მან თქვა: "თქვენ სამართლიანი არგუმენტები გაქვთ", - დასძინა ზელენსკიმ.
მან ასევე განაცხადა, რომ თუ მისი პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ მის "გამარჯვების გეგმას", ეს რუსეთისთვის პრივილეგია და დიდი შეცდომა იქნება.
პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის სამიტზე 18 ლიდერმა კომენტარი გააკეთა მის "გამარჯვების გეგმაზე" და უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.