უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებს "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროპული ერთიანობა ასევე არის იარაღი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველა ევროპელი ხალხისთვის.
"ჩვენ უკვე ჩავატარეთ ოთხი შეხვედრა "მშვიდობის ფორმულის" პუნქტებთან დაკავშირებით. დღეს საფრანგეთში მეხუთე იმართება. მადლობელი ვარ საფრანგეთის მისი ჩატარებისთვის. ნოემბერში ჩვენ შევიმუშავებთ სრულფასოვან დოკუმენტს "მშვიდობის ფორმულის" საფუძველზე და მას გავუზიარებთ ყველას, მათ შორის რუსებს, მშვიდობის სამიტზე", – განაცხადა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას "გამარჯვების გეგმის" განხორციელებაში.
"ახლა თუ დავიწყებთ და მივყვებით "გამარჯვების გეგმას", ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ არაუგვიანეს მომავალი წლისა", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამ გეგმის მიზანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროატლანტიკური საზოგადოების გაძლიერება.
"რუსეთი მიმართავს დიპლომატიას მხოლოდ მაშინ, როდესაც დაინახავს, რომ ძალით ვერაფერს მიაღწევს. ჩვენ უნდა შევქმნათ შესაბამისი პირობები, რათა დავასრულოთ ეს ომი", – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას ევროპელი ლიდერების მხარდაჭერის იმედი აქვს.
"უკრაინა მზად არის ნამდვილი დიპლომატიისთვის, თუმცა ამისთვის ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები. სამართლიანი მშვიდობის ნაცვლად, იძულებით თავს მოხვეული ზავი არასდროს უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას. არავინ არის ბედნიერი, როდესაც ომი ბრუნდება", – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.