უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები, ძალიან პოზიტიური სიგნალი უწოდა. ამის შესახებ მან Fox news-თან ინტერვიუში განაცხადა.

შეკითხვაზე, გაუკვირდა თუ არა მოვლენების ასეთი განვითარება, ზელენსკიმ განაცხადა.

"ცოტა. დიახ. ანუ, მე დარწმუნებული ვარ ჩემს ხალხში, ჩემს არმიაში და შეერთებული შტატების მხარდაჭერის სიძლიერეში, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტი ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო პოზიტიურად იყო განწყობილი და მან აჩვენა, რომ  ბოლომდე სურს უკრაინის მხარდაჭერა.

ამიტომ, ახლა ჩვენ გვესმის, რომ მზად ვართ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ. მას ეს უნდა, მეც მინდა, ჩვენს ხალხს ეს უნდა, მაგრამ მან გააცნობიერა, რომ პუტინს ეს არ სურს და ის ხედავს, რომ ის არ იმარჯვებს, მაგრამ ყველას ეუბნება, რომ იმარჯვებს", - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკის ცვლილებას ძალიან დადებით სიგნალად მიიჩნევს.

"და მე ვხედავ - დიახ, ეს ჩემთვის ცოტა მოულოდნელი იყო, მართალი ხართ - მე ვხედავ ძალიან დადებით სიგნალს, რომ ტრამპი და ამერიკა ჩვენთან იქნებიან ომის დასრულებამდე. ვნახოთ, მაგრამ ღმერთმა ინებოს, რომ ასე იყოს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ტრამპმა განაცხადა, რომ ახლა უკრაინას აქვს შანსი, აღადგინოს კონტროლი მთელ თავის ტერიტორიაზე საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.