აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართეს.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მათ მედიასთან განცხადებები გააკეთეს. ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგას ომის დასრულების მიზნით გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დიალოგის დროს მხარეებმა სწორედ ომის დასრულების გზები უნდა განიხილონ.

„პრეზიდენტს და მის გუნდს ვაცნობებ, რა ხდება ფრონტის ხაზზე. გვაქვს კარგი სიახლეები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გვსურს ომის დასრულება თქვენი დახმარებით. ვისაუბრებთ, როგორ დავასრულოთ ომი, ვისაუბრებთ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებზე. ბევრი რამ იქნება განსახილველი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, ტრამპს მადლობას უხდის ამერიკული იარაღის PURL-ის მექანიზმის მეშვეობით მიწოდებისთვის, რომელიც ნატო-ს სხვა წევრების მიერ არის დაფინანსებული.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრონტის ხაზზე არსებული ვითარებაც შეაჯამა.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენმა ჯარებმა 360 კვადრატული კილომეტრის დეოკუპაცია შეძლეს და დაახლოებით 1 000 ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გაცვლას განვახორციელებთ, რადგან ჩვენი სამხედროები გვჭირდება. თქვენი დახმარების წყალობით, ჩვენ ამის შესაძლებლობა გვაქვს. ამას გავაგრძელებთ, ვიდრე რუსეთი ომს არ შეწყვეტს და იმედი მაქვს, ისინი შეწყვეტენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკა არც თუ ისე კარგად ვითარდება. მისივე განმარტებით, მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მეტი ზეწოლა და სანქციაა საჭირო.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპა რუსეთიდან ენერგიის შეძენით „საკუთარი თავის წინააღმდეგ ომს აფინანსებს“.

„ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს თქვენს იდეას, რომ ევროპულ ქვეყნებს რუსული ნავთობისა და გაზის შეძენაში ხელი შეუშალოთ. ვფიქრობ, მათ გარკვეული ალტერნატიული გზები სჭირდებათ და შემდეგ ისინი ამ იდეას დაეთანხმებიან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტი „საშინელ ბრძოლას უწევს წინააღმდეგობას“.

„შეხვედრას ვიწყებთ პრეზიდენტთან, რომელსაც ყველა კარგად იცნობთ. ის მამაცი ადამიანია და საშინელ ბრძოლას უწევს წინააღმდეგობას. ვნახოთ, როგორ დასრულდება ყველაფერი. ყველაზე დიდი პროგრესი არის ის, რომ რუსეთის ეკონომიკა ამჟამად საშინელ მდგომარეობაშია. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინა ძალიან კარგ საქმეს აკეთებს ამ ძალიან დიდი არმიის შესაჩერებლად“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თარგმანი: პირველი არხი