უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა რუსეთს მისი ტერიტორიის გაყოფის მეორე მცდელობის საშუალებას არ მისცემს, რადგან უკრაინელები რუსეთს იცნობენ და "სადაც მეორეა, იქაც მესამეა", ხოლო ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დასრულდეს. ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს მიმართვის დროს ილაპარაკა.
ზელენსკის თქმით, პუტინს ახლა სურს, რომ ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთისა და ლუგანსკის, დონეცკისა და ყირიმის სრული ოკუპაცია აპატიონ.
"პუტინის ტაქტიკას ყველა კარგად ხედავს: მას სანქციების ეშინია და ყველაფერს აკეთებს, რათა მათ დაუსხლტეს, მას სურს, ომში, მკვლელობებში პაუზა ჩვენი მიწის ოკუპაციის ლეგალიზებაზე გაცვალოს. სურს, რომ უკვე მეორე ჯერზე მოიპოვოს ტერიტორიული ნადავლი.
მას ყირიმის წაღების საშუალება მისცეს, ამან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპაცია გამოიწვია. მას არ მიუღია პრევენციული სასჯელი, როდესაც ჩვენს საზღვარზე სამხედრო კონტინგენტი განალაგა - ამან სრულმასშტაბიანი ომი და უკრაინის დამატებითი ნაწილების ოკუპაცია გამოიწვია.
ახლა პუტინს სურს, რომ მას ჩვენი ხერსონისა და ზაპოროჟიეს სამხრეთის, ლუგანსკის, დონეცკის ოლქისა და ყირიმის სრული ტერიტორიის წართმევა აპატიონ. უკრაინის გაყოფის ამ მეორე მცდელობის საშუალებას ჩვენ რუსეთს არ მივცემთ. ვიცით რუსეთი - სადაც მეორეა, იქაც მესამეა. ამიტომ, მტკიცედ ვდგავართ მკაფიო უკრაინულ პოზიციებზე. ომი ღირსეული მშვიდობით უნდა დავასრულოთ, რომელიც უსაფრთხოების სანდო და მკაფიო არქიტექტურაზე იქნება დაფუძნებული. პარტნიორები მზად არიან, ამაში დაგვეხმარონ". - თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პუტინი ცდილობს, "სიკვდილის დასასრული მაქსიმალურად ძვირად გაყიდოს".
"მნიშვნელოვანია, რომ ამან არავინ არ მოატყუოს. საჭიროა არა მკვლელობების პაუზა, არამედ რეალური გამძლე მშვიდობა. ცეცხლის შეწყვეტა არა როდისმე მაშინ, თვეებში, არამედ დაუყოვნებლივ. პრეზიდენტმა ტრამპმა მე ასე მითხრა და მე ამას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ". - თქვა ზელენსკიმ.
ქვეყნის პრეზიდენტმა დაამატა, რომ უკრაინამ თებერვლიდან აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის "ყველა წინადადებას დაუჭირა მხარი"
"რუსულ მხარესთან შეხვედრა ჩვენ უზრუნველვყავით და უზრუნველვყავით კონსტრუქციულად, შევასრულეთ გაცვლები და მომდევნოს ვამზადებთ. უკვე მეტი გაგებაა სიებთან დაკავშირებით. იმედებს ვამყარებთ შედეგზე. ასევე საჭიროა შედეგები ლიდერების დონეზე - ღირსეული შედეგი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეებს გადაარჩენს, რათა მსოფლიო აფასებდეს შედეგს და მადლიერი იყოს ლიდერის, რომელიც მას მოიტანს". - თქვა ზელენსკიმ.