უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა ოდესის ოლქში ნოვოსელსკოეს დასახლებაში გაზის ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში და ზამთრისთვის უკრაინის მზადებას "შეგნებული დარტყმა" მიაყენა.  ამის შესახებ ზელენსკი საკუთარ Telegram არხზე წერს. 

რუმინეთის საზღვართან მდებარე ნოვოსელსკოეში ორლოვკა-ისაჩკას საბორნე გადასასვლელი მდებარეობს, საიდანაც უკრაინა ტრანსბალკანური დერეფნიდან გაზს იღებს. 

“ასევე ღამით - უნამუსო დარტყმები დნეპროპეტროვსკის ოლქში ელექტრონულ ქსელებზე, ხერსონში ადამიანებზე დრონის ჩამოგდება და ოდესის ოლქში ნოვოსელსკოეში გაზის სადგურზე თავდასხმა. ასობით ოჯახი გაზის გარეშე დარჩა. ეს იყო შეგნებული დარტყმა ჩვენს მზადებაზე გათბობის სეზონისთვის, აბსოლუტურად ცინიკური, როგორც ყოველი რუსული დარტყმა ენერგეტიკაზე. ხარკოვის, დონეცკის ოლქებში - ადამიანების კერძო სახლებზე იყო”. - წერს ზელენსკი. 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა ზაპოროჟიეს ოლქში დასასვენებელ ცენტრზე მიტანილი იერიშიც, რომლის "სამხედრო აზრი ნულია". ზელენსკის თქმით, ამ თავდასხმას ამოძრავებს "მხოლოდ სისასტიკე, დასაშინებლად". 

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთზე ზეწოლა არის საჭირო. მისივე თქმით, უკრაინა აშშ-სა და სხვა პარტნიორების პოლიტიკურ ნებას ხედავს, მათ ძალისხმევას აფასებს და  "საჭირო გადაწყვეტილებებზე ამყარებს იმედს".