უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ NATO იქნება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტორი, უკრაინის თავდაცვის ძალები კი დაიცავენ NATO-ს სხვა წევრებს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი გაყინული კონფლიქტი - ეს არის ომი: "ომი, რომელიც აუცილებლად დაიწყება, მხოლოდ ერთადერთი კითხვაა: როდის? რამდენ სიცოცხლეს წაიღებს ის? ამიტომ მსოფლიო უნდა იყოს სამართლიანი. სწორედ ამიტომ უკრაინის მშვიდობის ფორმულას აქვს უნივერსალური სარგებელი: უკრაინა არასდროს დათანხმდება გაყინული კონფლიქტის არცერთ ვარიანტს", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებით იმარჯვებენ მთელი რიგი ქვეყნები - საქართველო, მოლდოვა, ბელარუსი, კავკასიისა და ბალტიის ქვეყნები. მისივე თქმით, რუსეთმაც კი უნდა შეუწყოს ხელი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთის ფედერაციის ახლანდელი საზღვრების შენარჩუნებასთან.
ზელენსკი ფიქრობს, რომ უკრაინელებმა უნდა იპოვონ შესაძლებლობა, რათა დაიცხრონ სამართლიანობის წყურვილი: "ომისა და გენოციდის პოლიტიკის მიმართ სამართლიანობის საკითხი მარტივი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც უფრო მეტად იყოყმანებს მსოფლიო, მით მეტად გაიზრდება რევანშისტული განწყობები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ყველა რუსმა მკვლელმა, ტერორისტმა, ჯალათმა პასუხი უნდა აგოს უკრაინელების მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის. მისივე თქმით, ყოველი აქტივი, რომელიც ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას ან პუტინის მხარდამჭერთა წრეს, უნდა გაიგზავნოს უკრაინელების კომპენსაციისთვის.
"რუსეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ხელმძღვანელობამ არ უნდა აირიდოს თავიდან მართლმსაჯულება იმის გამო, რომ მათ თითქოს აქვთ იმუნიტეტი, როგორც "სახელმწიფოს ხელმძღვანელებს". ისინი არ არიან "სახელმწიფოს ხელისუფალნი", ისინი არიან ყაჩაღები, რომლებმაც მიითვისეს რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები და იმდენად გათავხედდნენ, რომ მთელი მსოფლიოს დატერორება დაიწყეს", - განაცხადა ზელენსკიმ.