იმედს ვამყარებ უკრაინის ერთიანობაზე, ჩვენს უკრაინულ გამბედაობაზე, ჩვენს ურთიერთობაზე პარტნიორებთან, ჩვენს ევროპულ სოლიდარობასა და ამერიკის პრაგმატიზმზე, - ამის შესახებ 19 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში თქვა.
"გენერალი კელოგი უკვე კიევშია, უკვე შეხვდა მთავარსარდალ სირსკის, დაზვერვისა და სპეციალური სამსახურის ჩვენს ხელმძღვანელებს და ასევე ჩემი ოფისის ხელმძღვანელს.
ჩვენი შეხვედრა კელოგთან ხვალისთვის არის დანიშნული და ჩვენთვის საკვანძოა, რომ ეს შეხვედრა და ამერიკასთან ჩვენი ზოგადი თანამშრომლობა კონსტრუქციული იყოს. ამერიკასთან და ევროპასთან ერთად, მშვიდობა შეიძლება უფრო უსაფრთხო იყოს და ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ჩვენს პარტნიორებთან საზიარო მიზანი უნდა იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ომის მესამე წლისთავს ვუახლოვდებით - ომის, რომლის დასრულებაც უკრაინაში პირველი წამიდან გვინდოდა.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას დავასრულებთ, გრძელვადიანი მშვიდობით და იმგვარად, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აღარასდროს შეძლებს, უკრაინელები რუსეთის ტყვეობიდან დაბრუნდებიან და უკრაინას მომავალი ექნება.
ეს არის ყველა ერის ნორმალური მისწრაფება.
მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნისთვის მუშაობს - ეს მნიშვნელოვანია და ეს არის ის, რასაც ყოველთვის ვეყრდნობი. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ორ ფეხზე. იმედს ვამყარებ უკრაინის ერთიანობაზე, ჩვენს უკრაინულ გამბედაობაზე, ჩვენს ურთიერთობაზე პარტნიორებთან, ჩვენს ევროპულ სოლიდარობასა და ამერიკის პრაგმატიზმზე - ამერიკის, რომელსაც წარმატება ისევე ესაჭიროება, როგორც ჩვენ ყველას. წარმატება გვაერთიანებს.
ჩვენი ერთობა არის ჩვენი მომავლის საუკეთესო გარანტი — მომავლის არა პუტინით, არამედ მშვიდობით. მსოფლიოში ყველა ამ არჩევანის წინაშეა, მათ შორის, უძლიერესები - დადგნენ პუტინთან თუ მშვიდობის გვერდით. მშვიდობის არჩევა ღირს. მადლობა ვუხდი ყველას მხარდაჭერისთვის", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკი.