გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მრჩევლებს უთხრა, რომ პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ჩინეთში ვიზიტის გამართვა სურს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

WSJ-ს ცნობით, ტრამპს ჩინეთში გამგზავრება პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში სურს და ვიზიტის მიზანი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ურთიერთობის გაღრმავება იქნება.

ტრამპსა და სი ძინპინის შორის სატელეფონო საუბარი 18 იანვარს შედგა. ლიდერებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებზე. თუმცა, ერთ-ერთი განსახილველი თემა ასევე პლატფორმა TikTok-ის საკითხი იყო.

ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირები ორივე სახელმწიფოსთვის მოგებიანია და არცერთმა მათგანმა არ უნდა სცადოს კონფრონტაციისა და კონფლიქტის პროვოცირება. ბოლო პერიოდში ტრამპი ჩინურ იმპორტზე მკვეთრი ტარიფების დაწესებით იმუქრებოდა.

აღსანიშნავია, რომ 20 იანვარს დონალდ ტრამპის ინაუგურაციას სი ძინპინის წარმომადგენელი, ჩინეთის ვიცეპრეზიდენტი ხან ჭენგი დაესწრება.

ჩინეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოების ინფორმაციით, პეკინი მზად არის, გააძლიეროს დიალოგი ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან. ვიცეპრეზიდენტი ღონისძიებას ამერიკული მხარის მოწვევით დაესწრება, იტყობინება ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია CCTV.