The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ღიაა იმისადმი, რომ უკრაინას ამერიკული წარმოების შორი რადიუსის იარაღებით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში იერიშების მიტანაზე შეზღუდვა მოუხსნას, თუმცა ამის შესახებ ზელენსკისთვის კონკრეტული დაპირება არ მიუცია.
WSJ ამერიკელ და უკრაინელ ანონიმურ მაღალჩინოსნებზე წერს, რომ ამის შესახებ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, 23 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ელაპარაკა.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ზელენსკიმ შეხვედრაზე ტრამპს უფრო შორი რადიუსის რაკეტების მიწოდება და ამ იარაღით რუსეთის სიღრმეში იერიშების მიტანაზე ნებართვა სთხოვა, ტრამპმა კი უპასუხა, რომ ამ იდეის წინააღმდეგი არაა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს არაფერს დაჰპირებია.
WSJ The Telegraph-ისა და Axios-ის მიერ გამოქვეყნებული ინტერვიუს მსგავსად, ასევე წერს, რომ ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდება სთხოვა, რომელთა მოქმედების რადიუსი 2 400 კილომეტრს აღემატება.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაცია ამჟამად Tomahawk-ებისა და სხვა შორი რადიუსის მქონე იარაღების მიწოდებას განიხილავს.
WSJ ასევე წერს, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები შემდეგ კვირას ვაშინგტონში ვიზიტით ჩავლენ, რათა აშშ-ს თავდაცვის მინისტრთან, პიტ ჰეგსეთთან მოლაპარაკებები გამართონ.