უკრაინისთვის, რომელიც რუსეთის აგრესიისგან თავს იცავს, დამატებითი სამხედრო დახმარების გაწევის განზრახვის შესახებ განცხადების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განიხილავს კიევისთვის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის Patriot-ის მიწოდების შესაძლებლობას. ამის შესახებ The Wall Street Journal ორ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციისთვის, აღნიშნავს გამოცემა, რადგან საუბარია შეიარაღების პირველ დიდ სისტემაზე, რომელსაც ვაშინგტონი კიევს მიაწვდიდა იმის გარდა, რაც შეთანხმებული იყო ჯო ბაიდენის დროს.

WSJ-ის წყაროების ცნობით, თეთრმა სახლმა პენტაგონს მოთხოვნით მიმართა, რათა დაზუსტდეს უკრაინისთვის ახალი შეიარაღების, მათ შორის Patriot-ის ერთი სისტემის გადაცემის შესაძლებლობები. ამავდროულად, ამერიკელი ჩინოვნიკები ამოწმებენ, შეუძლიათ თუ არა სხვა ქვეყნებს უკრაინისთვის ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მიწოდება.

აშშ-ის თავდაცვის უწყების წყარომ ჟურნალისტებს შეახსენა, რომ დღეისათვის ვაშინგტონმა უკრაინას Patriot-ის სამი სისტემა მიაწოდა, კიდევ სამი კიევმა გერმანიისგან მიიღო და ერთი - ევროპული სახელმწიფოების ჯგუფისგან. თუმცა, ტექნიკური მომსახურების საკითხებთან დაკავშირებით, ყველა მათგანი ამჟამად მზად არ არის გამოსაყენებლად. გარდა ამისა, ჯერჯერობით გაურკვეველია, ამ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსისთვის რამდენი რაკეტის მიწოდებას შეძლებენ აშშ და სხვა მოკავშირეები უკრაინისთვის.

7 ივლისს, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან თეთრ სახლში გამართული სახელმწიფო ვახშმის დროს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, უკრაინას მეტი იარაღი მიაწოდოს, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი.

მანამდე, 2 ივლისს, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ნაწილობრივ შეაჩერა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდება. ექსპერტები აღნიშნავდნენ, რომ ამან, შესაძლოა, უკიდურესად საზიანო გავლენა მოახდინოს უკრაინის შეიარაღებული ძალების უნარზე, მოიგერიონ რუსეთის გაძლიერებული საჰაერო თავდასხმები.

3 ივლისს ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აგრძელებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას. მან მიწოდების ნაწილის "გაყინვა" იმით ახსნა, რომ მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა თითქოს "ქვეყანა გაანადგურა" და ახლა აშშ-ს უნდა, დარწმუნდეს, რომ მათ თავად ჰყოფნით საბრძოლო მასალა.

4 ივლისს ტელეარხმა NBC News-მა წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ შემოწმებამ აშშ-ში იარაღის დეფიციტის ნიშნები არ გამოავლინა. ტელეარხის ცნობით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება პენტაგონის ხელმძღვანელის პიტ ჰეგსეთისა და მისი მოადგილის ელბრიჯ კოლბის პირადი ინიციატივა იყო. სიუჟეტში ნათქვამია, რომ ეს უკანასკნელი მხარს უჭერს აშშ-ს რესურსების შემცირებას და გადამისამართებას წყნარ ოკეანეში ჩინეთის შეკავებაზე.