უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად მხარეთა ჯამური დანაკარგებმა 1 მილიონს გადააჭარბა, აქედან 600 ათასი რუსეთზე მოდის. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. 

უკრაინის მთავრობის საიდუმლო ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით გამოცემის ცნობით, რუსეთთან ომს 80 ათასამდე უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილთა რიცხვი 400 ათასს აღემატება. 

რაც შეეხება რუსეთის დანაკარგების შეფასებას გამოცემის ცნობით, ამ ნაწილში რედაქცია დასავლური დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა - ავტორები განმარტავენ, რომ შეფასებები განსხვავებულია და მაღალი ალბათობით არ ასახავს რეალურ რიცხვს და მხოლოდ მინიმალურ რიცხვს წარმოადგენს. 

გაზეთის ცნობით, გასული 2.5 წლის განმავლობაში უკრაინაში მოკლულია 200 ათასი რუსი სამხედრო, ხოლო დაჭრილთა რაოდენობა 600 ათასს აღემატება. 

მხარეები ომში განცდილი დანაკარგების შესახებ ოფიციალურ ცნობებს იშვიათად ან საერთოდ არ ავრცელებენ. გამონაკლისი იყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა მიმდინარე წლის თებერვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომში 30 ათასი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკუთარი დანაკარგების შესახებ სულ 2-ჯერ განაცხადა, ბოლოს 2022 წლის სექტემბერში - მაშინ სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 5 ათასი რუსი სამხედრო იყო დაღუპული.

მასალის ავტორები აღნიშნავენ, რომ დანაკარგები უკრაინისთვის უფრო მტკივნეულია: ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა რუსეთისაზე 3-ჯერ ნაკლები იყო, ომის შედეგად მილიონობით ადამიანი ოკუპაციაში აღმოჩნდა, განგრძობითი ომის განმავლობაში მილიონებმა დატოვეს ქვეყანა. გარდა ამისა, წყაროების ცნობით, მაღალია ალბათობა იმისა, რომ უკრაინის დანაკარგების შესახებ მონაცემები არ არის სრული. 

Wall Street Journal ავრცელებს უკრაინის მთავრობის აქამდე უცნობ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 27 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 

გაზეთი ასევე, ავრცელებს უკრაინელი სოციოლოგის, ალექსანდრ გლადუნის შეფასებებსაც, რომლის მიხედვითაც კიევის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის რაოდენობა 29 მილიონს შეადგენს. 

ჯერჯერობით არ არსებობს რუსეთის შეჭრის შედეგად მოკლული მშვიდობიანი მოქალააქეების სტატისტიკაც. მიმდინარე წლის თებერვალში Human rights watch-ისა და პარტნიორების ერთობლივ კვლევაში ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ მარიუპოლის ალყას მინიმუმ 8 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.