აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თებერვალში შეხვდა, რომლის დროსაც მან მოუწოდა თავი შეიკავონ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებისგან. ამის შესახებ The Washington Post წერს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ჰარისის თხოვნამ "გააღიზიანა" ზელენსკი და მისი თანაშემწეები.

გამოცემის წყაროებმა აღნიშნეს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ეს რეკომენდაციები "დააიგნორირა," რადგან არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ასახავდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შეთანხმებულ პოზიციას.

The Washington Post იხსენებს, რომ მომდევნო კვირებში ვაშინგტონმა ეს გაფრთხილება უკრაინულ მხარესთან არაერთ საუბარში დაადასტურა. კერძოდ, ამის შესახებ განაცხადეს პენტაგონისა და აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებმა, ასევე პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა, რომელიც კიევს მარტში ეწვია.

თუმცა, მას შემდეგ უკრაინამ რიგ რუსულ სამიზნეებზე თავდასხმები მაინც განახორციელა, მათ შორის 2 აპრილს დაბომბა რუსეთის სიდიდით მესამე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა თათარსტანში.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ გლობალური ენერგეტიკული ბაზრების მხარდაჭერა ინფლაციის შესამცირებლად ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტია საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ასევე მნიშვნელოვანია ევროპაში უკრაინის სამხედრო ძალისხმევის მხარდაჭერა.

"ენერგეტიკული ფასების მატება ევროპული მხარდაჭერის შესუსტების საფრთხეს ქმნის." - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

აშშ ასევე ეჭვობს რამდენად სასარგებლოა ეს თავდასხმები სამხედრო თვალსაზრისით. კერძოდ, ამერიკელ სამხედროებს მიაჩნიათ, რომ დარტყმები ნაკლებად ამცირებს რუსეთის საბრძოლო შესაძლებლობებს და იწვევს მასიურ სარაკეტო დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რაც გაცილებით მეტ ზიანს აყენებს უკრაინას, ვიდრე დარტყმები რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პოზიციამ რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებთან დაკავშირებით უკრაინის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც ასეთ ქმედებებს სამართლიანად მიიჩნევს უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების გათვალისწინებით.

უკრაინის მთავრობა თვლის, რომ თავდასხმები აუცილებელია რუსული აგრესიის ხარჯების გასაზრდელად და იმის ხაზგასასმელად, რომ რუსეთის მოქალაქეები ვერ იქნებიან უსაფრთხოდ, სანამ რუსეთის ომი არ დასრულდება.