უკრაინის სამართალდამცველებმა პოლონელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დააკავეს პოლონეთის მოქალაქე, რომელიც ეჭვმიტანილია რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში პრეზიდენტ ზელენსკიზე თავდასხმის მოწყობის მოსამზადებლად. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
გამოძიების ცნობით, ეჭვმიტანილმა საკუთარი ინიციატივით დაამყარა კონტაქტი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურობის წარმომადგენლებთან და შესთავაზა მათ რუსული სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ მუშაობა.
უკრაინული მხარის ცნობით, მას ევალებოდა პოლონეთში მდებარე ჟეშუვ-იასეონკის აეროპორტის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და რუსული მხარისთვის მიწოდება. ეს უნდა დახმარებოდა რუსულ სპეცსამსახურებს უკრაინის პრეზიდენტზე შესაძლო თავდასხმის დაგეგმვაში მისი პოლონეთში ვიზიტის დროს.
შესაძლო დანაშაულის დაგეგმვის შესახებ უკრაინის პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა პოლონურ მხარეს აცნობა და მას საქმის ფარგლებში მტკიცებულებები გადასცა.
ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის გაცვლისა და წარმატებულად ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში ეჭვმიტანილი პოლონეთის ტერიტორიაზე დააკავეს. მას პოლონეთის პროკურატურამ ბრალი წაუყენა და ვარშავის სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.