უკრაინის კონსტიტუციით, ტერიტორიის დათმობა შეუძლებელია და ეს საკითხი მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამმხრივ სამიტზე უნდა განიხილონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ თუ მართლა იმდენი იქნება, რამდენიც გაჟღერდა, მათ განხილვას დრო დასჭირდება.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ ყველაფრის გაკეთება ახლა, საბრძოლო ზეწოლის ქვეშ შეუძლებელია, ამიტომ საბოლოო შეთანხმების სწრაფად მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო.

ზელენსკის მტკიცებით, აუცილებელია „რეალური მოლაპარაკებები“, რომლებიც დაიწყება იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზი გადის.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ დათანხმდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას ევროპასთან ერთად. უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონში ვიზიტი პროდუქტიული იქნება.

თარგმანი: პირველი არხი