უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთთან ომი ახალ ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ მან The Associated Press–ს განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზოგადად, ზამთარი ომის ახალ ეტაპს ნიშნავს.
იგი აცხადებს, რომ უკრაინა არ დანებდება.
The Associated Press–ს ჟურნალისტის კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა კონტრშეტევის შედეგებით, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "კმაყოფილია, რადგან მსოფლიოს მეორე არმიასთან ბრძოლაში უკან არ იხევენ, მაგრამ კმაყოფილი ვერ იქნება დანაკარგებით და იმით, სასურველი იარაღი სრულად არ მიუღიათ".
როგორც გამოცემა წერს, "ზელენსკი შიშობს, რომ ისრაელისა და „ჰამასის“ ომი უკრაინის საჭიროებებს გადაფარავს და საფრთხეს შეუქმნის დასავლეთის სამხედრო დახმარებას".
"უკრაინის ყველაზე დიდი მხარდამჭერი და დონორი აშშ ჯერჯერობით ვერ ახერხებს 2024 წელს, სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ბიუჯეტის მიღებას. იგივე საკითხი ჯერჯერობით საბოლოოდ არ გადაუწყვეტია ევროკავშირსაც.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.
კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, რომლის წევრთა უმრავლესობა რესპუბლიკელია, 2 ნოემბერს დაამტკიცა მხოლოდ ისრაელის დახმარების კანონპროექტი. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა პროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.
წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ნოემბრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დახმარების გაწევის საკითხი.
პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება", – წერს გამოცემა.