ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის, უკრაინელი ხალხის სამართლიანი ინტერესებისა და ადამიანის სიცოცხლის უდავო ღირებულების იდეის საფუძველზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენი ერთიანობა აქ ადასტურებს, რომ საერთაშორისო სამართლის იდეა ისევ სიცოცხლისუნარიანი და ეფექტიანია. თქვენი აქ ყოფნა ადასტურებს, რომ გაერო-ს წესდება და ძირითადი კონვენციები არ არის ფორმალობა, არამედ ხალხთა შორის თანაარსებობის რეალური საფუძველი. არავის ჰქონია უფლება, მეზობლის წინააღმდეგ აგრესიული ომი ეწარმოებინა და გაერო-ს წესდების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპისთვის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისთვის ძირი გამოეთხარა. არავის ჰქონდა უფლება, დამუქრებოდა მსოფლიოს ბირთვული იარაღით. არავის ჰქონდა უფლება, სხვა ერის შვილები გაეტაცებინა. არავის ჰქონდა უფლება, ძირი გამოეთხარა მშვიდობისთვის. ჩვენ შეგვიძლია, უზრუნველვყოთ ასეთი პრინციპების ეფექტიანობა. ეს არის გლობალურად მნიშვნელოვანი პრინციპები. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ომი გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის, უკრაინელი ხალხის სამართლიანი ინტერესებისა და ადამიანის სიცოცხლის უდავო ღირებულების იდეის საფუძველზე. მშვიდობის ფორმულა ინკლუზიურია და ჩვენ მოხარულნი ვართ, მოვისმინოთ და ვიმუშაოთ ყველა წინადადებაზე, ყველა იდეაზე, რა არის ნამდვილად საჭიროა მშვიდობისთვის და რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის, ძვირფასო მეგობრებო. ყველას მოგიწოდებთ, იყოთ მაქსიმალურად აქტიური. მე ვამაყობ, რომ მსოფლიოს ყველა ნაწილი, ყველა კონტინენტი ახლა წარმოდგენილია მშვიდობის სამიტზე.
ახლა აქ რუსეთი არ არის. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთი რომ იყოს დაინტერესებული მშვიდობით, ომი არ იქნებოდა. ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ, რას ნიშნავს სამართლიანი მშვიდობა მსოფლიოსთვის და როგორ შეიძლება, მიღწეული იყოს ჭეშმარიტად ხანგრძლივი გზით. ჩვენთვის საფუძველია გაერო-ს წესდება. შემდეგ კი, როცა სამოქმედო გეგმა იარსებებს მოლაპარაკებების მაგიდაზე, ყველასთან შეთანხმებული და ხალხისთვის გამჭვირვალე, მაშინ ის მიეწოდება რუსეთის წარმომადგენლებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თარგმანი: პირველი არხი