უკრაინის პრეზიდენტი ელოდება, რომ აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ სანქციებს დააწესებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

ზელენსკი გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის შემუშავებას და აღნიშნა, რომ ევროპამ გაითვალისწინა უკრაინის მოთხოვნები ახალ პაკეტზე მუშაობისას.

"ახლა ჩვენ ასევე ველოდებით სანქციებთან დაკავშირებულ მკაცრ ნაბიჯებს შეერთებული შტატებისგან – ევროპა თავის წვლილს აკეთებს", – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ პოლონეთში რუსული უპილოტო საფრენი აპარატებისა და ესტონეთში სამი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის საჰაერო სივრცეში შეჭრა არ არის შემთხვევითი.

"რუსეთი გააგრძელებს აგრესიის, დესტაბილიზაციისა და ჩარევის მცდელობებს, ეს მათი სისტემაა. ამას უნდა დავუპირისპირდეთ ასევე სისტემურად და ერთად", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.