უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა (НАБУ)  და პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახურის (САП) შესახებ მიღებულ კანონპროექტზე ილაპარაკა და თქვა, რომ ანტიკორუფციული ბიურო იმუშავებს, თუმცა რუსული გავლენის გარეშე.

ზელენსკის თქმით, რუსული გავლენისგან ყველაფრის გაწმენდა არის საჭირო და მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულისთვის სასჯელი გარდაუვალი იყოს, ხოლო ამას საზოგადოება ნამდვილად ხედავდეს.

"ველაპარაკე НАБУ-ს ხელმძღვანელს, სემიონ კრივონოსოვს,САП-ის პროკურორს, ალექსანდრ კლიმენკოს, გენერალურ პროკურორს, რუსლან კრავჩენკოს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს - სხვადასხვა გამოწვევები, ჩვენ ეს ყველაფერი განვიხილეთ.

ანტიკორუფციული ინფრასტრუქტურა იმუშავებს, თუმცა რუსული გავლენის გარეშე - ამისგან ყველაფრის გაწმენდა არის საჭირო და მეტი სამართლიანობა უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, НАБУ და САП იმუშავებენ და მნიშვნელოვანია, რომ გენერალური პროკურორი მიმართულია იმისკენ, რომ უკრაინაში რეალურად უზრუნველყოფილი იყოს მათი გარდაუვალი სასჯელი, ვინც კანონს არღვევს. ეს ნამდვილად საჭიროა უკრაინისთვის. საქმეები, რომლებიც შემოდებული იყო, გამოძიებული უნდა იქნას.

წლების განმავლობაში, ჩინოვნიკები, რომლებიც უკრაინიდან გაიქცნენ, რატომღაც მშვიდად ცხოვრობენ საზღვარგარეთ ძალიან სასიამოვნო ქვეყნებში და სამართლებრივი შედეგების გარეშე. ეს არანორმალურია. არ არსებობს რაციონალური ახსნა, თუ რატომ არის თაროზე შემოდებული სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც მილიარდებს ეხება. არ არსებობს არანაირი ახსნა, თუ რატომ შეუძლიათ რუსებს კვლავ მიიღონ ინფორმაცია, რომელიც მათთვის აუცილებელია. მნიშვნელოვანია, რომ რუსების გარეშე იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი გარდაუვალი იყოს და საზოგადოება ამას ნამდვილად ხედავდეს". - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ივლისს, ქვეყნის მასშტაბით ქალაქებში გამართული საპროტესტო აქციების მიუხედავად, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის ოპოზიციის დეპუტატებისა და დამკვირვებლების მიხედვით, ფაქტობრივად დამოუკიდებლობას უკარგავს ორ უმთავრეს ანტიკორუფციულ ინსტიტუტს.