რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 18 და 19 ივნისს "მეგობრული სახელმწიფო ვიზიტით" ჩრდილოეთ კორეას ეწვევა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. ვიზიტი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მიწვევით შედგება.
პუტინის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, ფხენიანში მოგზაურობის პროგრამა "ძალიან დატვირთული" იქნება.
როგორც უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა ფორმატში მოლაპარაკებების დროს განიხილება ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მგრძნობიარე საკითხები. რუსეთის დელეგაციაში ასევე არის თავდაცვის ახალი მინისტრი ანდრეი ბელუსოვი.
გარდა ამისა, უშაკოვმა თქვა, რომ ფხენიანში, რუსეთი და ჩრდილოეთ გეგმავენ ხელი მოაწერონ შეთანხმებას ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს „შემდგომ თანამშრომლობას საერთაშორისო პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების საკითხებში“.
შეკითხვაზე, ითვალისწინებს თუ არა ახალი შეთანხმება სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობას, პუტინის თანაშემწემ უპასუხა: „თუ შეთანხმებას მოეწერება ხელი, ის გამოკვეთს შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს და, ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რაც ხდებოდა ჩვენს ქვეყნებს შორის ბოლო წლებში როგორც საერთაშორისო პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის სფეროში და ყველა მიმართულებით, მათ შორის უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით“.