უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროპის კავშირის 14-15 დეკემბრის სამიტის დღის წესრიგიდან უკრაინის ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანებისა და ომით განადგურებული ქვეყნისთვის მილიარდობით ევროს ოდენობით დახმარების საკითხის მოიხსნას ითხოვს.
ორბანი ბრიუსელს მოუწოდებს, რომ უკრაინას გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნის სანაცვლოდ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება გაუფორმოს და გაწევრიანების საკითხს 5-10 წლის შემდეგ დაუბრუნდნენ.
14-15 დეკემბრის სამიტზე უნდა გადაწყდეს უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროპის კავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნისა და ასევე, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი. ნოემბერში ევროკომისიამ უკრაინა-მოლდოვასთვის წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი ევროპის კავშირის ყველა წევრის თანხმობაა საჭირო.
ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას არ ემხრობა და აცხადებს, რომ აღნიშნულ საკითხს ვეტოს დაადებს.
გარდა ამისა, ვიქტორ ორბანმა ევროპის კავშირის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, დეკემბერში უკრაინას 50 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარება უნდა დაუმტკიცდეს, დაბლოკა. ევროპული გაერთიანების მიერ უკრაინის დახმარების ზემოაღნიშნული პაკეტი 2027 წლამდე პერიოდს მოიცავს.