ვაშინგტონის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტს დონალდ ტრამპს არ გააჩნია იმუნიტეტი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში.
მოსამართლეების მიერ ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებაში ნახსენებია კაპიტოლიუმის შტურმი, რომლის მონაწილეებიც სისხლის სამართლებრივ დევნას დაექვემდებარნენ.
სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ტრამპი გახდა რიგითი მოქალაქე, რომელსაც საჯაროდ ხელმისაწვდომი გზები აქვს სისხლის სამართლებრივი დევნისგან თავის დასაცავად.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ აბსოლუტური იმუნიტეტი პრეზიდენტს მთავრობის ყველა შტოზე მაღლა დააყენებდა, რაც საშიშია ხელისუფლების კონსტიტუციური სისტემისთვის.
გასულ წელს საგანგებო პროკურორი ჯეკ სმიტი ტრამპს ოთხი ბრალდება წაუყენა: შეთქმულება აშშ-ის შეცდომაში შესაყვანად, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლა, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება და შეთქმულება ამერიკელთა უფლების წინააღმდეგ, დათვლილი ყოფილიყო მათი ხმები.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის პროკურორებს მისი საარჩევნო კამპანიის დაზიანების პოლიტიკურად მოტივირებულ მცდელობაში ადანაშაულებს.
ტრამპის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ ფართო სამართლებრივი დაცვის უფლება და არ შეიძლება მათი სისხლის სამართლებრივი დევნა ოფიციალური ქმედებების გამო, თუ წარმომადგენელთა პალატა ყოფილ პრეზიდენტს იმპიჩმენტს არ გამოუცხადებს, ხოლო სენატი თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს.
ადვოკატების თქმით, დონალდ ტრამპი კოლუმბიის ოლქის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.