უკრაინის ოთხ ქალაქში, კიევში, ლვოვში, დნეპრსა და ოდესაში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს, მას შემდეგ, რაც უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების — ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას ზღუდავს.
„დღეს უმაღლესმა რადამ მიიღო ცვლილებები, რომლებიც აუქმებს ანტიკორუფციული სისტემის დამოუკიდებლობას. დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალური პროკურორის დაქვემდებარებაში უნდა გადავიდნენ. ამიტომ, აიღეთ მუყაო, გააკეთეთ პლაკატები და დააფიქსირეთ თქვენი აზრი იმაზე, რაც დღეს ხდება. უკვე გაჩნდა პეტიციები პრეზიდენტის მისამართით, რომ მან ვეტო დაადოს ამ სისულელეს, მაგრამ ვიდრე პეტიციებს დაამტკიცებენ, პრეზიდენტმა შეიძლება, მოაწეროს ხელი. ასე რომ, დრო არ გვაქვს, უნდა გამოვიდეთ დღესვე და მოვთხოვოთ ზელენსკის, არ დაუშვას, რომ დავბრუნდეთ იანუკოვიჩის დროში“, – აცხადებს რუსეთ-უკრაინის ომის ვეტერანი დიმიტრი კოზიატინსკი.
ამასთან, კოზიატინსკიმ აღნიშნა, რომ არ სურს, პოლიტიკურმა პარტიებმა ან ცალკეულმა პოლიტიკოსებმა გამოიყენონ ეს აქცია თავიანთი მიზნებისთვის.
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა დღეს ხელი მოაწერა უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის კანონს. ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს.
ამჟამად პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი ხელმოსაწერად უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაეგზავნა.
ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელებმა ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდეს, არ მოაწეროს ხელი კანონპროექტს.
თარგმანი: პირველი არხი