უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის სამხერეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, რუსეთი აგრძელებს წინსვლას ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით.
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დარტყმები მიაყენა მტრის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, ასევე 12დარტყმა მიაყენა ოკუპანტების პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის კონცენტრაციის რაიონებს.
რუსეთი აგრძელებს შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, კონცენტრირებული აქვს ძალისხმევა დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებისა და ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა ტერიტორიების სრულ ოკუპაციაზე. მტერი აგრძელებს შეტევით მოქმედებებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარინკისა და შახტიორის მიმართულებებზე. სასტიკი ბრძოლები გრძელდება ბახმუტის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, ასევე მტერმა განავითარა შეტევითი მოქმედებები ავდეევკის მიმართულებაზე ავდეევკასა და მარინკაზე კონტროლის დამყარების მიზნით.
რუსი აგრესორი აგრძელებს მისთვის ტერორის ჩვეული ტაქტიკის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ცეცხლს უხსნის დასახლებულ პუნქტებს, ასევე კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას.
დღე-ღამის განმავლობაში მტერმა სარაკეტო დარტყმა მიაყენა ზაპოროჟიეს, 2 რუსული რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლს, არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოსახლეობას შორის.
მტერმა განახორციელა 41 ავიადარტყმა. კერძოდ, ოკუპანტებმა გამოიყენეს შაჰედი-136-ის 21 უპილოტო საფრენი აპარატი, 16 უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. დარტყმის შედეგად რუსებმა დააზიანეს კიევის ოლქში რჟიშევის კოლეჯი, არიან დაღუპულები და დაჭრილები მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ასევე დაზიანებულია ჟიტომირის ოლქში კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები. მტერმა ასევე 30-ჯერ ისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.