უკრაინის თავდაცვის ძალებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხუთი მიმართულებით მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მოწინააღმდეგე განაგრძობს შეტევით მოქმედებებს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკისა და შახტერსკის მიმართულებებით.

„რუსეთი იყენებს ტერორის ტაქტიკას, განურჩევლად უხსნის ცეცხლს დასახლებულ პუნქტებს, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის შეჯამებაში.

გენშტაბის ცნობით, გასულ დღე-ღამეში რუსეთის ძალებმა ხუთი სარაკეტო და 35 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 76 ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. არიან დაშავებულები და დაღუპულები მშვიდობიან მოსახლეობას შორის.

უკრაინის ძალებმა კი ოკუპანტების ძალებისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 15 რაიონზე განახორციელეს დარტყმა, ასევე იერიში მიიტანეს საბრძოლო მასალების სამ საწყობზე.