უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ და უსაფრთხოების სამსახურმა 20 იანვარს, ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, ორი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი დააკავეს. მათ ბრალი დაუდევრობაში ედებათ, რის შედეგადაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 2024 წლის მაისში ხარკოვის ოლქის ტერიტორიის ნაწილის დაკავება შეძლეს.

უკრაინული მედიის ცნობით, დაკავებულები არიან ბრიგადის გენერალი იური ჰალუშკინი, გენერალ-ლეიტენანტი არტურ ჰორბენკო და პოლკოვნიკი ილია ლაპინი.

გენერალ-ლეიტენანტ არტურ ჰორბენკოს ბრალდების მიხედვით, მან არ უზრუნველყო საბრძოლო ფორპოსტების მოწყობა, არ მიიღო ზომები ბრიგადის დასაკომპლექტებლად, ბატალიონებს გადაჭარბებული მოთხოვნის დავალებებს ოპერაციულ-ტაქტიკური გათვლების გარეშე აძლევდა და არ გაუმაგრებია დასაცავი პუნქტები.

უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის 125-ე ცალკეულმა ბრიგადამ ჰორბენკოს დაკავებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. ბრიგადა აღშფოთებას გამოთქვამს სასამართლო პროცესის დასრულებამდე ბრალდებების საჯაროდ წაყენებასა და სამხედრო ოფიცრებისადმი მოპყრობასთან დაკავშირებით.

"ხარკოვის ოლქში ჩვენ გვეჭირა საზღვრის უზარმაზარი ნაწილი, სიკვდილამდე ვიბრძოდით შემოჭრის პირველ საათებში. ჩვენ ვიყავით ცოტა, გვქონდა მცირე რაოდენობის საბრძოლო მასალა, გვქონდა მცირე მხარდაჭერა, მაგრამ მაინც ვიბრძოდით, ვიბრძოდით ბრიგადის მეთაურის მეთაურობით!" — აცხადებს 125-ე ბრიგადა.