უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ იტალიაში G7-ის სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების თანახმად, იაპონია 2024 წელს უკრაინას 4,5 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს და განაგრძობს მხარდაჭერას 10-წლიანი შეთანხმების განმავლობაში.
”საუბარია უსაფრთხოების, თავდაცვის დახმარებაზე, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, ტექნიკურ და ფინანსურ თანამშრომლობაზე, ასევე ერთობლივ ძალისხმევაზე ”მშვიდობის ფორმულასთან” დაკავშირებით, - თქვა ზე;ენსკიმ.
ასევე, ზელენსკის თქმით, შეთანხმება ითვალისწინებს აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციებს და ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე, ასევე იაპონიასა და უკრაინას შორის თანამშრომლობას აღდგენისა და რეკონსტრუქციის საკითხებში.
„იაპონიისთვის ამ ტიპის შეთანხმება და მხარდაჭერის ასეთი დონე არის გარღვევა, ჩვენ ამას ვხედავთ და მადლობას ვუხდით იაპონიას ურყევი სოლიდარობისთვის ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ასევე სიცოცხლისა და საერთაშორისო სამართლის დასაცავად“, - განაცხადა ზელენსკიმ.