თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი 29-30 მაისს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას მიწვევით, უკრაინას ეწვევა. თურქული მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ფიდანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება.

თურქი მინისტრი ასევე მოლაპარაკებებს გამართავს თავის უკრაინელ კოლეგა სიბიგასთან, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ანდრეი ერმაკთან და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვთან, რომელიც სტამბოლში 16 მაისს რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

დიპლომატიური წყაროების ცნობით, ფიდანი შეხვედრებზე აპირებს განიხილოს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარება ვაჭრობის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე კიდევ ერთხელ დაადასტუროს ანკარის მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.