თურქეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ივნისის პირველ ნახევარში გამართავენ შეხვედრას, რათა განიხილონ სტოკჰოლმის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის პერსპექტივები. ახლა ანკარა პროცესს ტერორიზმთან არასაკმარისი ბრძოლის გამო ბლოკავს. ამის შესახებ სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ შვედეთმა ჯერ სრულად არ დააკმაყოფილა თურქული მხარის მოთხოვნები NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ანკარამ "ეს არაერთხელ ნათლად და მკაფიოდ განუცხადა შვედურ მხარეს."
"მას შემდეგ, რაც ჩვენმა პარლამენტმა დაამტკიცა ფინეთის NATO-ში გაწევრიანება, ჩვენ შევთანხმდით, რომ შემდეგი შეხვედრა ივნისის პირველ ან მეორე კვირაში გამართულიყო", - განაცხადა კალინმა და შერჩეული დრო იმით ახსნა, რომ 1 ივნისიდან შვედეთში ახალი ანტიტერორისტული კანონი უნდა ამოქმედდეს, რომელიც ანკარას მოთხოვნების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ერდოღანის მრჩეველმა აღნიშნა, რომ სტოკჰოლმმა 1 ივნისამდე სხვა მოთხოვნები უნდა შეასრულოს, თუმცა მან არ დააკონკრეტა რომელი.
"ჩვენ არ მივიჩნევთ სწორად ასეთ განცხადებებს: 'შვედეთმა შეასრულა თავისი ნაწილი, ახლა უკვე თურქეთის ჯერია, თურქეთმა უნდა გააკეთოს თავისი საქმე.' გასაგებია, რა არის ჩვენი კრიტერიუმები და მოთხოვნები. რამდენად კარგად არის ისინი შესრულებული, მარტივად შეიძლება გადაამოწმოთ რიცხობრივად და ფაქტობრივად", - თქვა მან.