სლოვაკური ereport-ის ცნობით, ასეთი განცხადება რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გააკეთა.

„თუ ორშაბათისთვის სლოვაკეთში ნავთობის მიწოდება არ აღდგება, მე CEPS-ს (სლოვაკეთის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემა - აიპრესი“) ვთხოვ, შეწყვიტოს  უკრაინისთვის ელექტროენერგიის ავარიული მიწოდება. მხოლოდ 2026 წლის იანვარში უკრაინის ქსელის სტაბილიზაციისთვის ამ საგანგებო მიწოდების საჭიროება ორჯერ მეტი იყო, ვიდრე მთელი 2025 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ფიცომ.

მან ზელენსკი სლოვაკეთის - ქვეყნის, რომელიც ომს არ უჭერს მხარს - მიმართ ბოროტგანზრახულ ქმედებაში დაადანაშაულა.

„უკრაინის პრეზიდენტი უარს ამბობს გაგებით მოეკიდოს ჩვენს პოზიციას მშვიდობიან  მიდგომაზე და რადგან ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ომს, სლოვაკეთის მიმართ ბოროტგანზრახულად იქცევა. თავდაპირველად მან შეწყვიტა სლოვაკეთისთვის გაზის ტრანზიტი, რამაც ყოველწლიურად 500 მილიონი ევროს ზარალი მოგვიტანა. ახლა მან შეწყვიტა ნავთობის ტრანზიტი, რაც კიდევ უფრო მეტ ზარალს გვაყენებს და ლოგისტიკურ სირთულეებს გვიქმნის“, - აცხადებს ფიცო.

პრემიერ-მინისტრი პოსტში აღნიშნავს, რომ „ომის დაწყებიდან სლოვაკეთი ეხმარება უკრაინას. ჩვენს ტერიტორიაზე დაახლოებით 180 ათასი უკრაინელი ცხოვრობს, ჩვენ ვუწევთ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვაწყობთ მთავრობების ერთობლივ მოლაპარაკებებს. ჩვენ უკრაინისთვის გაცილებით მეტს ვაკეთებთ, ვიდრე ზოგიერთ სხვა ქვეყანას“ და ხაზგასმით ამბობს:

„თუ დასავლეთი წინააღმდეგი არაა ააფეთქონ „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენი, სლოვაკეთს არ შეუძლია სლოვაკურ-უკრაინული ურთიერთობები ცალმხრივ, მხოლოდ უკრაინისთვის სასარგებლო გარიგებად მიიღოს. სლოვაკეთი ამაყი და სუვერენული ქვეყანაა და მე ამაყი და სუვერენული სლოვაკი ვარ“.

უკრაინის ცნობით, სლოვაკეთისა და უნგრეთისთვის ნავთობის მიწოდება შეჩერდა 27 იანვარს მილსადენ „დრუჟბაზე“ რუსეთის თავდასხმის შედეგად. ოთხშაბათს (18 თებერვალს), მთავრობის სხდომის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ზელენსკი პოლიტიკურ შანტაჟსა და უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში ჩარევაში დაადანაშაულა. ამ დროისთვის დანაკარგი ნავთობის სანაცვლოდ მიწოდებას  სლოვაკეთის ერთადერთი ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა Slovnaft -ი უზრუნველყოფს. ის ნავთობპროდუქტებს მთავრობის მიერ გამოყოფილი სახელმწიფო რეზერვებიდან გამოიმუშავებს. ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას 250 000 ტონა ნავთობი აქვს. ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა შეზღუდული სიმძლავრით მუშაობს. სლოვაკეთმა ასევე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ნავთობის ინდუსტრიაში.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა აგრეთვე დაaდანაშაულა კიევი „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით რუსული ნავთობიოს მიწოდების შეწყვეტაში დაადანაშაულა და უკრაინის ფინანსების სტაბილიზაციის მიზნით ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა დაბლოკა.