აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ სენატის მიერ დამტკიცებული კანონს, რომელიც უკრაინის და ისრაელის დახმარებას მოიცავს, კონგრესი არ დაამტკიცებს.
მაიკ ჯონსონის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ კანონში არ შევიდა აშშ-ის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები.
„მინდა, მკაფიოდ ვთქვა, რომ წარმომადგენელთა პალატას, რესპუბლიკელთა ხელმძღვანელობით არ აიძულებენ, მიიღოს კანონი საგარეო დახმარების შესახებ, რომლის წინააღმდეგაც გამოდის რესპუბლიკელი სენატორების უმრავლესობა და რომელიც არ მოიცავს ზომებს ჩვენი საკუთარი საზღვრის დასაცავად“ - განაცხადა ჯონსონმა პრესკონფერენციაზე.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა თეთრი სახლი, რომელსაც არ გააჩნია უნარი გადაჭრას აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე შექმნილი საიმიგრაციო კრიზისი.
ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების პაკეტს მხარი 13 თებერვალს დაუჭირა.