ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა საბოლოოდ დაამტკიცა პაკეტი უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის 95 მილიარდი დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ.
კონგრესის ზედა პალატის წევრებმა დოკუმენტი 70 ხმით დაამტკიცეს, 29-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. მათ შორის სადავო კანონპროექტს მხარი დაუჭირა 22 რესპუბლიკელმა.
კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის 60 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს, წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა არ მიიღებს. კანონპროექტმა რამდენიმე პროცედურული დაბრკოლება გადალახა.
ამერიკელმა სენატორებმა ჯერ „დემოკრატი“ სენატორის პეტი მიურეის შესწორებას, შემდეგ კი კანონპროექტის განახლებული ტექსტის შესახებ დებატების დასრულებას დაუჭირეს მხარი.
კანონპროექტი აშშ-ის სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ნაწილს აღარ შეიცავს, მას შემდეგ რაც თავდაპირველი კანონპროექტი „რესპუბლიკელებმა“ დაბლოკეს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიესალმა აშშ-ის სენატში გამართულ კენჭისყრას.