აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სოციალურ ქსელში მკაცრად გააკრიტიკა და "სრულიად შეშლილი" უწოდა. ტრამპის თქმით, პუტინს "რაღაც დაემართა", ვინაიდან უკრაინაში "უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს", ხოლო უკრაინულ ქალაქებს "რაკეტები და დრონები სრულიად უმიზეზოდ ესხმიან თავს".
"მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, თუმცა მას რაღაც დაემართა! ის სრულიად შეიშალა! ის უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს და მე მხოლოდ ჯარისკაცებზე არ ვსაუბრობ. სრულიად უმიზეზოდ, უკრაინულ ქალაქებს რაკეტები და დრონები ესხმიან თავს". - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ამავე პოსტში წერს, თუ დამტკიცდება, რომ პუტინის ნამდვილი სურვილი მართლაც მთლიანი უკრაინაა, "ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს".
"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთლიანი უკრაინა სურს და არა მხოლოდ მისი ნაწილი. იქნებ, ეს ასეც მტკიცდება, თუმცა თუ პუტინს მართლაც ეს სურს, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს!". - დაწერა ტრამპმა.
პოსტის ბოლოს აშშ-ს პრეზიდენტმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ტრამპის თქმით, "ზელენსკი არანაირ სიკეთეს არ უქმნის თავის ქვეყანას იმ ტონით, რომლითაც ლაპარაკობს" და უმჯობესია, ასეთი ლაპარაკი შეწყვიტოს.
"მსგავსად, პრეზიდენტი ზელენსკი არანაირ სიკეთეს არ უქმნის თავის ქვეყანას იმ ტონით, რომლითაც ლაპარაკობს. ყველაფერი, რაც მისი პირიდან გამოდის, პრობლემებს ქმნის, არ მომწონს და უმჯობესია, შეჩერდეს. ეს არის ომი, რომელიც არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს არის ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომი, არა "ტრამპის", მე მხოლოდ იმ დიდი და საზარელი ხანძრების ჩაქრობაში შემაქვს წვლილი, რომლებიც საერთო არაკომპეტენტურობისა და სიძულვილის გამო გაჩნდა". - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა პოსტის ბოლოს.