ბრიტანული გამოცემა Times წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების ბრძანება გასცეს, რათა აღიდგინოს თავისი შერყეული პოზიციები.
Times-ი ვარაუდობს, რომ პუტინისთვის, როგორც ავტორიტარული მმართველისთვის, მნიშვნელოვანია, თავისი მხარდამჭერების თვალში სახე შეინარჩუნოს. თუმცა ომის მსვლელობამ და ცოტა ხნის წინ ამბოხის მცდელობამ, შესაძლოა, პუტინს გარკვეული რადიკალური ნაბიჯებისკენ უბიძგოს.
პუტინის მთავრობა თავისი აუდიტორიისთვის დიდი ხანია ფრონტზე რეალურ წარმატებებს ვერ სთავაზობს, რაც ლიდერის იმიჯს აზიანებს, 24 ივნისს მომხდარმა მოვლენებმა კი Times-ის აზრით, დამატებით აჩვენა პუტინის პოზიციების სიმყიფე: რუსეთის არმიას თითქმის არ გაუწევია წინააღმდეგობა „ვაგნერელებისთვის“, როსტოვში კი ხალხი მიესალმა დაქირავებული მებრძოლების გამოჩენას.
„ეს სახიფათო მომენტია პუტინის რეჟიმისთვის და თანმიმდევრულად საშიშია რეგიონისთვისაც. იმისათვის, რომ დაიბრუნოს პოლიტიკური სადავეები, პუტინი, შესაძლოა, წავიდეს ესკალაციაზე სწრაფი გამარჯვების იმედით“, - წერს Times.
გამოცემა აღნიშნავს, რომ პუტინის არმიამ უკვე ააფეთქა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი. „სრულიად შესაძლებელია, რომ მათ ჰქონდეთ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დარტყმის გეგმაც“, - წერს გამოცემა.
რუსების მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მოსალოდნელი საფრთხის შესახებ დიდი ხანია საუბრობს უკრაინის ხელისუფლებაც.
Times-ი აღნიშნავს, რომ ამ ეჭვების სასარგებლოდ, მეტყველებს ისიც, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება ინფორმაციები სადგურიდან სამხედროებისა და პერსონალის ეტაპობრივი გაყვანის შესახებაც.
Times-ი წერს, რომ NATO-ს ქვეყნებმა მოსკოვი მკაცრად უნდა გააფრთხილონ, რომ უპასუხოდ არ დატოვებენ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დივერსიას, რომელმაც შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოიტანოს. თუმცა გამოცემა არ აკონკრეტებს თუ როგორი პასუხი უნდა ჰქონდეს ალიანსს ამ დივერსიაზე.