CIA-ს დირექტორი უილიამ ბერნსი მაისში პეკინში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდა. ამის შესახებ Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.
ბრიტანული გამოცემის ცნობით, ჩინეთში ბერნსის ვიზიტი აჩვენებს, თუ როგორ აწუხებს თეთრ სახლს პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობის გაუარესება.
FT-ს თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ CIA-ს დირექტორი ჩინეთში ოფიციალურ პირებთან სასაუბროდ გაემგზავრა, ამავე დროს, გაზეთის სხვა წყარომ აღნიშნა, რომ ბერნსი მხოლოდ ჩინეთის დაზვერვის წარმომადგენლებს შეხვდა.
2021 წლის ივლისში, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანის ვიზიტის შემდეგ, ეს ჩინეთში უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტია.
გამოცემა წერს, რომ აშშ პეკინში სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტის ორგანიზებას ცდილობს, რომელიც მან მოულოდნელად გააუქმა აეროსტატის ინციდენტის გამო. ამის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლება ბლინკენის ვიზიტს ბლოკავს.