სამხედრო დახმარების ახალი პაკეტიდან უკრაინა უკვე იღებს იარაღს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა. მანამდე მსგავსი განცხადება გააკეთეს პენტაგონში. მედია წერდა, რომ გამოცხადებულ პაკეტში შემავალი იარაღის მნიშვნელოვანი ნაწილი გერმანიასა და პოლონეთში იყო საწყობებში განთავსებული.
მან ჟურნალისტებთან ხაზი გაუსვა ოპერატიული უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას სიფრთხილის საჭიროებას.
„დახმარება უკრაინაში მიდის, ახლა ისინი იღებენ ამ მხარდაჭერას უსაფრთხოების სექტორში“, – აღნიშნა ჟან-პიერმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ ეს იარაღი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტის ხაზზე დაეხმარება, რათა თავის დაცვა შეძლონ.
აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტი გასულ კვირას დაამტკიცა. ამის შემდეგ აშშ–მა უკრაინისთვის ჯერ 1 მილიარდის, შემდეგ 6 მილიარდის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოაცხადა.