პირველად 2016 წლის შემდეგ, ისლანდიაში თეთრი დათვი შენიშნეს. ის, სავარაუდოდ, ისლანდიას ასეულობით კილომეტრობით დაშორებული გრენლანდიიდან აისბერგს მოწყვეტილი და ოკეანეში მოდრეიფე ყინულის კუნძულით მოხვდა.
ისლანდიის პრესის ინფორმაციით, თეთრი დათვი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის ერთ-ერთი ნახევარკუნძულის სოფლის კოტეჟში მცხოვრებმა ხანში შესულმა მარტოხელა ქალმა შენიშნა. იგი მაშინვე სახლში ჩაიკეტა და მობილურით თავის ქალიშვილს დაუკავშირდა, მან კი პოლიციას აცნობა. სანაპირო დაცვით ვერტმფრენით ადგილზე მისულმა პოლიციელებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციის შემდეგ დათვის მოკვლის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
150-200 კგ წონის, ორი ან სამი წლის მდედრი თეთრი დათვი, როგორც პირველადი დათვალიერება ცხადყოფს, სავსებით ჯანმრთელი იყო. მისი გვამი შესასწავლად რეიკიავიკში გადაიტანეს. პოლიცია აცხადებს, რომ მას დათვის მოკვლის გარდა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
მე-20 საუკუნის განმავლობაში ისლანდიაში თეთრი დათვის ხუთი ვიზიტი იყო დაფიქსირებული: 2008 წელს (ორი), 2010 წელს, 2011 წელს და 2016 წელს. 2008 წლის ვიზიტების შემდეგ ისლანდიის გარემოს დაცვის სამინისტრომ ექსპერტთა ჯგუფს სთხოვა შეემუშავებინათ რეკომენდაცია, რომლის მიხედვით მთავრობა იმოქმედებდა თეთრი დათვის ისლანდიის სანაპიროზე გამოჩენის შემთხვევაში. ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ყველაზე შესაფერი მეთოდი მაწანწალა დათვების მოკვლა იქნებოდა.
ექსპერტების მიერ დათვების მოკვლისთვის სამი ძირითადი მიზეზი დასახელდა. პირველი მიზეზად დასახელდა ადამიანებისა და პირუტყვის უსაფრთხოება; მეორე მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ მაწანწალა დათვები ისლანდიაში ხვდებიან აღმოსავლეთ გრენლანდიიდან, სადაც მათი გადაშენების საფრთხისგან დაცული სტაბილური პოპულაცია; მესამე მიზეზად კი დასახელდა სამაშველო ოპერაციებისთვის საჭირო დიდი ხარჯები.
ბუნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ტორვალდურ ტორ ბიორნსონი ამბობს, რომ დანიის მთავრობას არ სურდა დათვის გრენლანდიაში დაბრუნება, რადგან, ერთი მხრივ, არ იყო გამორიცხული მის მიერ ისლანდიიდან გრენლანდიაში რაიმე დაავადების შეტანა და მეორე მხრივ, თავად გრენლანდიის ხელისუფლება არ იყო დაინტერესებული დათვის დაბრუნებით.