ამ წუთებში, აშშ-ის მოქმედი და არჩეული პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრის მთავარი თემა ძალაუფლების გადაცემის პროცესია.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ბაიდენმა არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცა და განუცხადა, რომ ის ელოდება იანვარში ძალაუფლების შეუფერხებელ გადაბარებას.
„პოლიტიკა მკაცრია და, ხშირ შემთხვევაში, ეს არ არის ძალიან კარგი მსოფლიო, თუმცა დღეს კარგი მსოფლიოა და მე ამას ძლიერ ვაფასებ“, – თქვა თავის მხრივ ტრამპმა.
ეს დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის პირველი პირისპირ შეხვედრაა ივნისში გამართული საპრეზიდენტო ტელედებატების შემდეგ.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 5 ნოემბრის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.