ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა,– ასე ეხმიანება NATO–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი "ქართული ოცნების" მიერ პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის ინიციირებას.
სტოლტენბერგი შიშობს, რომ მას გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს.
“ვეწინააღმდეგები საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას, ვინაიდან, ეს რეალურად საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების წინააღმდეგ ძალისხმევაა.
საქართველომ რეფორმებზე უნდა იმუშაოს, რათა NATO-სთან და ევროკავშირთან დაახლოვდეს და ევროკავშირი ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო იყო. საქართველოს, თბილისს, რამდენიმე კვირის წინ ვეწვიე და, რა თქმა უნდა, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რეფორმების მნიშვნელობა, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და ქართველმა ხალხმაც ნათელი გახადა, რომ მათ დემოკრატიული, აყვავებული მომავალი სურთ ევროპულ, ევროატლანტიკურ ოჯახში.
ასე რომ, ვშიშობ, რომ ნებისმიერი კანონს, რომელსაც ეს “უცხოური აგენტების” იდეა შემოაქვს, გავლენა ექნება მედიასაშუალებებზე, რომლებიც ასევე საქართველოში მოქმედებენ, ძირს გამოუთხრის თავად იდეას, რომ საქართველო უფრო ძლიერი და დემოკრატიული საზოგადოება გახდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.