NATO–ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ევროპარლამენტარების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის ხარჯების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"წელს ჩვენ ველით, რომ ალიანსის ქვეყნები თავდაცვის ხარჯებს 8%-ზე მეტით გაზრდიან. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა ათწლეულების განმავლობაში და მათი უმეტესობა, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები არიან. ისინი ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდებიან. მეტი თანხა თავდაცვისთვის ასევე მოგვცემს საშუალებას მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საბრძოლო მასალის წარმოებაში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია.
მივესალმები ევროკავშირის წევრების, ალიანსის მოკავშირეების ძალისხმევას, რათა გაზარდონ წარმოება და ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თავდაცვის ინდუსტრიასთან ალიანსის მასშტაბით, ევროკავშირში და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში. უფრო და უფრო მეტი ხარჯები წარმოების გაზრდის წინაპირობაა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდეს.